დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა.
მისი თქმით, მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ინფექციის შემცირების ტენდენცია, მაგრამ ნახტომისებური კლება არ იქნება.
“უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ დღეს ვინმემ მოიქნიოს და ხვალ იყოს დიდი ბედნიერება, რომ ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაიცვალოს.
1 600 მძიმე ავადმყოფი წევს კლინიკებში, 7 000-მდეა უკვე კლინიკების დატვირთვა, მაქსიმუმზე გადის. სამწუხაროდ, 350-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე. ეს ყველაფერი მიუთითებს ეპიდსიტუაციის რთულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვემოთ ნახტომი, რაც გვინდა, სამწუხაროდ არ იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 81 პაციენტი გარდაიცვალა.