ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პენიტენციური: სააკაშვილი სტაბილურადაა, სიცრუეა, რომ სასწრაფოს მობილიზება გახდა საჭირო

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

“სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.

ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 44-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....