ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: სანამ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში, შიმშილობას არ ვწყვეტ

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები ქართული ოცნების ხელშია.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და რაც ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, რომელიც იბრძვის ქუჩაში, დღეს ქართული ოცნება ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აწყობს პირდაპირ, ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩვენ არ უნდა გავყვეთ ქართულ ოცნებას.

რაც შეეხება მის განცხადებას სტრასბურგის ძალიან მნიშვნელოვან ჩართვაზე ამ პროცესში, ესეც, ჩემი აზრით, ძალიან გონივრული განცხადებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მე დილით ვსაუბრობდი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ შექმნა ყველასთვის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ კრიზისის ამ უმწვავესი ფაზიდან ნაკლები ზიანით. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, მან გადადგა ეს ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით. ეს არის სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.

ასევე, მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემ მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მე მესმის და, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, საყურებელი, არასასიამოვნო პროცესი. ამას მე ვგრძნობ, ამას მე ვუფრთხილდები, ეს მე ნამდვილად ძალიან მაღელვებს. ამასთანავე, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით – სტრასბურგის გადაწყვეტილებით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით – ქართული ოცნების ხელშია უკვე საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის და დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზიციის შესაბამისად. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში, მე, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....