ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინააღმდეგობა 1.0 – სირცხვილიამ პარლამენტის წინ აქცია დააანონსა

მოძრაობა სირცხვილიამ დღეს, პარლამენტის წინ 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისუფალი არჩევნები საბოლოოდ მიისაკუთრა.

“ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში არსებული ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის მიუხედავად, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავდა და ხედავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.

თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი თავისუფალი არჩევნები – ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა.

არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.

ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება.

ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია.

ეს ბრძოლა სახალხოა და არა პარტიული. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე. თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთობა კი პირიქით, შეუქცევადი გამარჯვების გზაა.

ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის!

წინააღმდეგობა 1.0″, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....