ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსულ კანონში” პირველი ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” ჩუმად შეიტანა

ახალი ნაღმები რუსულ კანონში – მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის სხდომებს მუდმივად ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ არცერთ კომიტეტის სხდომაზე “ოცნების” მხრიდან რუსულ კანონში ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამ ცვლილების შესახებ აუცილებლად, უახლოეს დროში აცნობებენ ვენეციის კომისიას, რომლის დასკვნასაც საქართველოში ახლა ყველა ელოდება.

ეს არის ჩანაწერები, მანამდე კომიტეტებზე არასდორს უხსენებია “ქართულ ოცნებას”. ჩვენ ვესწრებოდით როგორც პირველი მოსმენისას ისე მეორე მოსმენისას საკომიტეტო განხილვებს თავიდან ბოლომდე და არცერთ ამ კომიტეტზე მსგავსი შინაარსის ჩანაწერის საჭიროებაზე მათ არ უსაუბრიათ. ეს ჩანაწერები გაჩნდა მეორე მოსმენის საპარამენტო სესიისას ისე, რომ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დაამძიმეს ის კანონი. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ ვენეციის კომისიას ჰქონდეს ეს განახლებული ინფორმაცია, რადგან მისი შეფასებები ამასაც უნდა მოიცავდეს”, – ამბობს ქურდოვანიძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურის თქმით კი, უკვე აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, თუ რა მიზანი ამოძრავებს “ქართულ ოცნებას”.

ყველაფერის დასტურდება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს არის რუსული კანონი, რუსული კანონით შეეცდებიან ამ კანონის აღსრულებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ აქ უკვე ჩვენ აღარ ვსაუბრობთ და აღარ არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დიდი მიზანი “ქართული ოცნების”. დიდი მიზანი არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა გააჩმოს, ვინც შეიძლება მათ წინააღმდეგობა გაუწიოს და საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით. საქართველო დაამსგავსონ პუტინის რუსეთს და ჯიბეში ჩაუსვან პუტინს”, – ამბობს ეკა გიგაური.

„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი იტყობინება.

ბრაჭველის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ჩანაწერი არც ინიციირებულ და არც მეორე მოსმენისას წარდგენილ ვარიანტში არ ყოფილა.

სწორედ ამ ნორმის განმარტებისას ამბობს იურისტი, რომ ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

გარდა ამისა, საბა ბრაჭველი აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:

„მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.
პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:

„მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.

იტვირთბა....