ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

მშვენიერაძე: დღეს, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველაფერს იკადრებს ხელისუფლება

[su_quote]დღეს, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერს იკადრებს ხელისუფლება. იკადრებს იმასაც, რაც აქამდე არ უკადრია – ღიად, თუ ფარულად.

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, მშვიდად და მტკიცედ, საარჩევნო ურნებთან უნდა გავცეთ მას პასუხი. დამერწმუნეთ, სასიამოვნო სანახავია, თუ როგორ იწყებენ წელში მოხრას ყელმოღერებული ღარიბაშვილები, ზემოდან მომზირალი კობახიძეები და ცინიკოსი ვოლსკები, როდესაც ჩვენი ხმა მათ ძალაუფლებას აცლის.

დღეს ეს დღეა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!

ცხადია, ყველას ყველაფერი ოპოზიციისიც არ მოსწონს და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელია, დღეს, ამ მშვენიერ ქვეყანაში, დავასრულოთ ხელისუფლების ორგანიზებული საზოგადოებრივი ხრწნა. დავასრულოთ ზიზღი და სიძულვილი, მტრობა და ქიშპობა.

როგორც დემოკრატიის ერთი მამა ამბობდა, ადამიანები ანგელოზები არ ვართ. ჩვენ რომ ანგელოზები ვიყოთ, სახელმწიფოც არ დაგვჭირდებოდა. ჩვენი ადამიანური ბუნება, მიგვყვება სახელმწიფო სამსახურშიც და სწორედ იმიტომ, რომ ანგელოზები არ ვართ, დარაჯებად ოპონენტები გვჭირდება. ამიტომ, აუცილებელია ხელისუფლებას დარაჯები დავუყენოთ.

დღეს ეს დღეა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!

ბევრს არ მოსწონს წარსული, ბევრსაც აწმყო, მაგრამ როგორი გვინდა იყოს მომავალი? გვიფიქრია იმაზე, რომ წარსული ან აწმყო სწორედ ჩვენ შევქმენით – ამომრჩევლებმა. ამიტომ, ჩვენ დღეს წინ უნდა გავიხედოთ, ჩვენი უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის.

დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ასეთი მმართველობის პირობებში არაფერი შეიცვლება და განვლილ 9 წელს მიემატება ახალი 4, ისეთივე უიმედო და უამბიციო, როგორც წინა იყო. მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ ცვლილებებს, ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალური შანსის მოცემა შეუძლია. ახალი კონკურენცია, ცენტრალურ ხელისუფლებასაც აიძულებს მეტად იზრუნოს ამომრჩეველზე და ნაკლებად ივანიშვილზე.

დღეს ეს დღეა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!

და ბოლოს, როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისა თუ შვილებისთვის? ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაფერს ერთი კაცი განაგებს? ასეთი ხომ რუსეთია, ანაც აზერბაიჯანი? გვემეტება ჩვენი თავი რუსეთში საცხოვრებლად?

თუ გვინდა დასავლური ყაიდის ქვეყანა, სადაც მცოდნე ექიმთან ვიზიტი ფუფუნება არ არის, სადაც პენსიონერს 1000 ევრო აქვს პენსია და სადაც ახალგაზრდები ბრწყინვალე განათლებას იღებენ? სადაც, ვისაც შრომა უნდა, ყველას მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს და სადაც, პოლიტიკოსები ჩვენი მსახურები არიან და არა უფროსები? ერთდროულად რუსეთი და საფრანგეთი ვერ ვიქნებით, ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ – რა გვინდა.

დღეს, ამ არჩევანის დღეცაა და ჩვენ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....