ვან დეიკის ტილოს კულტურის სამინისტრო ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა, ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს იმ პირებმა მიაწოდეს, რომლებმაც წლების წინ საქართველოდან თურქეთში ცნობილი ტილო გადაიტანეს.
“მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტოში შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ფერწერული ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან გატანა ლეგალურად მოხდა,”- აცხადებს ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელიც ერთ-ერთი ის პირია, ვინც ტილო საქართველოდან თურქეთში გადაიტანა.
ჰუსეინოვის განცხადებით მას ტილო სამსუნში მისმა ნათესავმა მოჰპარა.
“თავდაპირველად სურათი გასაყიდად სამსუნში ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდგომ გავარკვიეთ ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ამ დრომდე ამ საკითხით მხოლოდ რუსთავი 2 დაინტერესდა და ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ,”- განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.
იმას, რომ ცნობილი ტილოს შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს ჰქონდა ადასტურებს მალხაზ მახარაძეც, რომელიც ტილოს ყიდვისა და თურქეთში გადატანის დროს ზაჰირ ჰუსეინოვთან ერთად მოქმედებდა. მახარძე აცხადებს, რომ მათ ტილო ტურქეთსი ლეგალურად, ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ხელწერილით გაიტანეს. მისივე თქმით ნახატის ავტორი დადგენილი არ იყო, შესაბამისად ის საზღვარზე გაიტანეს როგორც უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ტილო.