რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის, სტამბულში ნაპოვნ ნამუშევარს, მესაკუთრე გამოუჩნდა. თბილისში მცხოვრები აბაშიძეები აცხადებენ, რომ ნახატი მათი ოჯახიდან არის წაღებული.
ეკა აბაშიძის თქმით, სურათი მათ ისე გაყიდეს, რომ არც მხატვრის ვინაობა იცოდნენ და არც შეთანხმებული თანხა მიუღიათ ბოლომდე. “კურიერთან” საუბრისას ეკა აბაშიძემ განაცხადა:
„ეს სურათი 15 წლის წინ ჩემმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ, შეიძინა, რომელიც ახლა გარდაცვლილია. როგორც მახსოვს, საკომისიოში იყიდა და მაშინ ამ სურათში 5 ათასი დოლარი გადაიხადა. მას შემდეგ ეკიდა ჩვენთან, სახლში. ვინც კი გვიცნობს, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს, ეს სურათი ყველამ იცის. კონკრეტულად ავტორს ვერავინ ადგენდა. ხელოვნებათმცოდნეებსაც და სპეციალისტებსაც ჰქონდათ ნანახი და მაგრამ ვერავინ დააზუსტა, მხატვარი ვინ იყო. ბოლო მოლაპარაკებები იყო, დედასთან მოვიდა ორი მამაკაცი. ერთი იყო მალხაზ მახარაძე და მეორე – ზაჰირ გუსეინოვი, აზერბაიჯანელი, მგონი. 2010 წელს 37 ათას დოლარზე შევთანხმდით. სასწრაფოდ გვჭირდებოდა ეს თანხა და ამიტომ. ჩვენ მაშინ 7 ათასი დოლარი მოგვცეს, ტილო წაიღეს და გაქრნენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მოვიდოდნენ და დარჩენილ თანხას მოგვიტანდნენ და, რომ მივხვდით, არაფრის მომტანები არ იყვნენ, ტელეფონზე რეკვა დავუწყეთ. ჰუსეინოვი სულ გვპასუხობდა, გველაპარაკებოდა, მაგრამ სულ გვატყუებდა,“ – აცხადებს ეკა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 მილიონიანი ნახატი სტამბულში საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა