ფოთში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ დღევანდელ აქციას ეხმაურება და ამბობს, სადაც კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას.
მისი თქმით, მართლმსაჯულებას პროპაგანდისთვის ვერასდროს მიიღებს.
“მე ერთმანეთისგან მინდა ორი რაღაც დავყო. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მსხვერპლის ეპოქებად დაყოფა. ყველას მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო, ვისაც უნებლიედ ვატკენინე, თუ ვაწყენინე. თუ რამე ჩვენ არასწორად გავაკეთეთ, საზოგადოება მოგვცემს შანსს, რომ ჩვენვე გამოვასწოროთ. მე ვერასდროს ვერ მივიღებ პროპაგანდისთვის მართლმსაჯულებას.
ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ტკივილის მიმართ და ვერ დავყოფ ვერც მოლაშვილის ოჯახის ტკივილს და ვერც მაჩალიკაშვილის. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის სათავეში ერთი ადამიანი მოექცევი, მერე მეორე და ეს სისტემა კლავს ხნავს….
რა მნიშვნელობა, აქვს ერთი ქვეყნის შვილები ვართ ხელისუფლების და სახელმწიფოს სახელით ჩადენილი ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ მეორეს მხრივ ხომ ვხედავთ, რომ სადაც თენგიზ კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას, სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას”, – განაცხადა უგულავამ მთავარი არხის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომლის შენობაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება, დღეს საპროტესტო აქცია – ჯალათი ციხეში გაიმართა.

