ლევან ბერძენიშვილი – ცხოვრებაში იმდენი განცხადებები გვაქვს მოსმენილი, რომ შეგვიძლია რაღაცეები დავივიწყოთ…
“იმ განცხადებებზე, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, დავით ზალკალიანს მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება. თუმცა, მის კანდიდატურას მივესალმები” – ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დავით ზალკალიანის შესაძლო დაბრუნებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
“მეტრონომი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ესაუბრა. პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დადებითად აფასებს ზალკალიანის მოსვლას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
“დადებითად ვაფასებ ზალკალიანის დანიშვნას. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ საზოგადოებას ემსახუროს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები. მით უმეტეს, როცა პროფესიონალ ადამიანთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ აქ პრობლემას”. – აცხადებს ქუცნაშვილი.
რაც შეეხება კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ყველას აზრს პატივს სცემს.
ლევან ბერძენიშვილიც მიიჩნევს, რომ ზალკალიანი კარგი კანდიდატია მინისტრის მოადგილედ.
“მთავარია, მინისტრს მიაჩნია, რომ ზალკალიანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი, მას სჭირდება პროფესიონალი დიპლომატი და თუ საქმეს გამოადგება ასეთი კადრის დაკარგვა არ ღირს. რაც შეეხება იმას, ვინ რა განცხადება გააკეთა, ამ ცხოვრებაში იმდენი განცხადებები გვაქვს მოსმენილი, რომ შეგვიძლია რაღაცეები დავივიწყოთ, თუ საქმისთვის ეს სასარგებლოა”. – ამბობს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, დავით ზალკალიანი შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდეს. როგორც დღეს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თქვა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ზალკალიანის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება. ზალკალიანმა 2014 წელს მინისტრ მაია ფანჯიკიძის გადადგომასთან ერთად დატოვა პოსტი.