თბილისში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.
ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
23 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს წარუდგინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის შემკვეთად 2001 წელს მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას შვილი სახელდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კაკულიების ოჯახმა ამ ვერსიას სიცრუე და ცილისწამება უწოდა.

