საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მერვედ დამარცხდა ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურში 20-ვე ოლქს დამაჯერებლად მოიგებს.
“მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს მათი ნდობისთვის, მათი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ქვეყნის 64 ოლქიდან 20-ში მეორე ტური გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.