არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას როგორც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ისე ამ დროისათვის დაფიქსირებული საჩივრების შესახებ სტატისტიკა გააცნო. 

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  51.92%-ია.  კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. 

„დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  -ხმის დათვლის ეტაპი. 

როგორც იცით, საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურები განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. 

შეგახსენებთ, რომ ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და ზოგადად, გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია. 

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“, -განაცხადა იოსელიანმა.

იტვირთბა....