ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევა: რომელია ყველაზე დაბინძურებული უბანი თბილისში?

თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ბაგებთან ერთად, ქალაქის ყველაზე მწვანე ზონად კუს ტბის ტერიტორია გვევლინება, ცენტრიდან შედარებით მოშორებით მყოფ უბნებში კი, მოწინავე პოზიციას ვაშლიჯვარი იკავებს.

კვლევა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა უბნების რეიტინგის მეორე ადგილს დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის და ნავთლუღსა და ფონიჭალას შორის მდებარე ტერიტორიები იკავებენ. დაბინძურების დაბალი  მაჩვენებლებით ორთაჭალის, ვაზისუბნის, საბურთალოს, დიდუბის, ვეძისის და გლდანის მიდამოები არიან წარმოდგენილი.

რაც შეეხება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ტერიტორიებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი – ვერა გამოირჩევა.

შემდეგ საფეხურს სოლოლაკი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის გამზირი იკავებენ. ჰაერის შემცველობაში მყოფი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილარმონიის მახლობლად კოსტავაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, ორთაჭალის ხიდის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე, მიმდებარე ქუჩებზე, ჭავჭავაზის გამზირზე, აბაშიძისა და ჩარგლის ქუჩებზე ფიქსირდება.

“კომერსანტის” ცნობით, ამ ეტაპზე თბილისის გარეუბნების დაბინძურების “ცხელ წერტილებს” გაუქმებული ნაგავსაყრელები – გლდანი და იაღლუჯა წარმოადგენენ: იქ ნარჩენები აღარ მიიღება, მაგრამ, მუდმივად მიმდინარე აალების პროცესების და დაგროვილი ნაგვის წვის გამო გამოყოფილი მავნე ნივთიერებები მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეს უქმნის.

 

იტვირთბა....