Socar Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ ის ვერ გააკეთებს კომენტარს საქართველო-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რადგანაც ამ კითხვებს პასუხი ქართულ მხარეს უნდა ვკითხოთ.
მამედოვი აზერბაიჯანულ გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართული გაზის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდება და აზერბაიჯანულ მხარეს ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია.
“საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკებების წარმართვის მიზეზებზე უკეთესია ქართულ მხარეს ჰკითხოთ. რაც შეგვეხება ჩვენ, გვაქვს მყარი საკონტრაქტო ვალდებულებები, რომლებიც სრულდება და შესრულდება სრული მოცულობით. გაზის ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8–10%-ით იზრდება და სოკარი ითვალისწინებს ამ ზრდას. თუ კომერციულ ბაზარზე გაზი არასაკმარისი იქნება, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს ეს მოცულობები, რამდენადაც დღეს ის უზრუნველყოფს კომერციულ ბაზარსაც. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. ჩვენს შორის არის მუდმივი დიალოგი და ჩვენ ვიცით, რა სურს ყველა მხარეს.”- აცხადებს მამედოვი.
შეგახსენებთ, გაზის მოწოდების თაობაზე, ირანთან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან გაზის მოწოდებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო ირანთან შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
“საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი”. – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.