პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოვიდა თუ არა თანამდებობაზე, განაცხადა, რომ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უახლოეს პერიოდში კომუნალური გადასახადები შესაძლოა გაიზარდოს.
„ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული, თუმცა ეს არ იყო ავანტიურა “ქართული ოცნების” მხრიდან. ტარიფების ზრდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარდაუვალია. ამ დონის 45 პროცენტიანი დევალვაციის პირობებში ორი წლის განმავლობაში შეუძლებელია, რომ მარეგულირებელმა ინსტიტუტებმა არ მიიღონ ამ ტიპის გადაწყვეტილებები, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებების გარეშე ფუნქციონირებას შეწყვეტენ ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გაიზრდება თუ არა კომუნალური გადასახადები იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს? ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით შესაბამის სამსახურებს.
“მეტრონომი” სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) წარმოამდგენელს ესაუბრა.
“არანაირი ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გადავხედეთ ტარიფებს წლის ბოლოსთვის. გადავხედეთ და შესაბამისად დავადგინეთ ტარიფები. ასე რომ, 2016 წლისთვის არანაირი გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, პრემიერ-მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად სწორად იყო შეფასებული. კვირიკაშვილმა თქვა ზოგადად, რომ ამ პირობებში როდესაც იყო ეროვნული ვალუტის 45%-იანი დევალვაცია უბრალოდ მარეგულირებელს არ აქვს უფლება რომ არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მარეგულირებელი არის იმიტომ, რომ დაარეგულიროს დარგი და ჰქონდეს მოსახლეობას უწყვეტად ელექტროენერგია და შესაბამისად ასეთ პირობებში მარეგულირებელი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”.- განაცხადა კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
შონია ამბობს, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ელექტოენერგიაზე საფასურის ზრდას.
“განმანაწილებელი კომპანიები ამ ელექტროენერგიას ყიდულობენ, ისინი ამაში ფულს იხდიან და თბოელექტროსადგურები, რომლებიც აწარმოებენ ელექტოენერგიას მუშაობენ გაზზე, ამ გაზს აზერბაიჯანიდან დოლარში ყიდულობენ და ელექტროენერგია, რომელიც ნაწილობრივ იმპორტირებულია ამასაც ყიდულობენ დოლარის ექვივალენტში. თუ რა თქმა უნდა, ლარი გადააჭარბებს 40-45%-იან ვარდნას და რეალურად საშიშროება შეექმნება გამანაწილებლ კომპანიებს, მეტიც დიდი ფინანსური ზარალი მიადგებათ. ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია იძულებული იქნება მიმართოს მარეგულირებელ კომისიას, სხვა შემთხვევაში ის ბიზნესს უბრალოდ ვერ აწარმოებს, გაჩერდება და შედეგად მოსახლეობას ელექტორენერგია აღარ ექნება. ასეთ შემთხვევაში, კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რათა დარგი არ გაჩერდეს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება”.- ამბობს შონია.
ჩვენ ვესაუბრეთ “ენერგოპრო ჯორჯიას”, ერთ-ერთ ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიას, რომელიც თბილისის გარდა მთელს საქართველოს აწვდის ელექტროენერგიას.
კომაპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ავთო დვალიშვილმა გვითხრა, რომ კომპანია ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, ზაფხულში სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. “ენერგოპრო ჯორჯია” უკმაყოფილო იყო გაზრდილი ტარიფითაც და ელექტროენერგიის გადასახადის კიდევ უფრო ზრდას ითხოვდა.
ჩვენ ვესაუბრეთ კომპანია “თელასის” წარმომადგენელსაც.
“ამჟამად რაც სემეკმა დაადგინა იმ ტარიფით ვმოქმედებთ და ტარიფების გადახედვის მექანიზმების სემეკის პრეროგატივაა და ჩვენ არანაირი განცხადებით არ მიგვიმართავს სემეკისთვის”.- განაცხადა “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ.
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ყაზტრანსგაზს”. კომაპანიაში განაცხადეს, რომ გაზზე ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ეროვნული ვატუტის კრიზისის ფონზე, რასაც ლარის დაახლოებით 30%-იანი გაუფასურებას მოჰყვა ფასების ზრდა იმპორტირებულ საქონელზე. საქართველოში ელექტროენერგია და გაზი თითქმის მთლიანად იმპორტირებულია, გარდა იმ მცირე გამონაკლისებისა, რომელსაც ქვეყანა ტრანზიტიდან იღებს. აქედან გამომდინარე, ტარიფის პირველად ზრდას (2015 წლის ზაფხულში) ხელისუფლება და სემეკი ბუნებრივ პროცესად მიიჩნევდნენ.
მარიამ ვარადაშვილი