საია საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ინფორმაციით, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია.
“მაგალითად, ამომრჩეველი როგორც მთაწმინდიდან, ისე საბურთალოდან თბილისის საკრებულოში ირჩევს ერთ დეპუტატს. საბურთალოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 134582-ს, ხოლო მთაწმინდაზე – 53884-ს. ვინაიდან საბურთალოზე მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობა 2,5 ჯერ აღემატება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის წონა 2.5 ჯერ მცირდება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ირღვეოდა ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ,,საარჩევნო უფლების განხორციელების უპირველესი მიზანი და საფუძველია მოქალაქეთა ნების ასახვა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.“ შესაბამისად, ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ამომრჩევლების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ხმის „წონის“ და გავლენის დაკარგვა, ართმევს ამომრჩეველს აქტიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას. ამის საპირისპიროდ, იზრდება იმ ამომრჩევლების მიერ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ვისი ხმის „წონაც“ გაზრდილია. ასეთი საარჩევნო სისტემა ანიჭებს მოქალაქეებს არათანასწორ შესაძლებლობებს და ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩევლების ნების ადეკვატურად ასახვას არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც, დემოკრატიული მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებზე ხმების თანაბრობის უფლებას ეხებოდა, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ იგივე მიდგომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვისაც რელევანტურია.
წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.