ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე: თბილისის არჩევანი ასეთია, რომ ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

კალაძემ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა:

“ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო თბილისი წლების წინ – ძველი, გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, ბაღები და სკვერები, რომელიც გადაქცეული იყო ავტომანქანების საპარკინგე სივრცეებად. მწყობრიდან იყო გამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ასევე, ტუალეტებად იყო ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები და ასე შემდეგ.

ნახეთ, რა ხდება დღეს თბილისში. ყველა ეს პრობლემა დაძლეულია – ბაღები და პარკები სავსეა ყველა ასაკის ადამიანით, მოწესრიგდა და თანამედროვე სახე მიეცა მიწისქვეშა გადასასვლელებს, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების მიმართულებით გვრჩება გარკვეული პრობლემები, მაგრამ როგორც დაგპირდით, ქალაქში წლის ბოლოსთვის არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს. მხოლოდ ახალი, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. დავიწყეთ გზების მოწესრიგება-განახლება. წარმოუდგენლად მასშტაბური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. თბილისში იყო ადგილები, სადაც არც გზა და არც მიწისქვეშა კომუნიკაციიები არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა, ამ მიმართულებით, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. შემდეგი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი უბნები, დასახლებები მოწესრიგებული იყოს. ასე რომ, თბილისის არჩევანი ასეთია – ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე” , – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....