ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნებიდან გარბიან… ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის“

 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა, რომ ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილების ეპიცენტრი ამჯერად რეგიონები გახდა და მან ეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, იოსებ ფალელაშვილის თანამდებობიდან გუშინდელ წასვლას დაუკავშირა. ფალელაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ პარტიაც დატოვა.

როგორც „მეტრონომს“ ფალელაშვილმა განუცხადა, პოსტის დატოვების მიზეზი შექმნილი უსამართლობის განცდა იყო. ის ჩვენთან საუბრისას დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის. თუმცა დასძენს, რომ ის საკრებულოში მუშაობას, როგორც თავისუფალი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ „ქართული ოცნების“ წარომადგენლებს დავკავშირებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ახალი წლის დღეებში ზოგს ტელეფონი ჰქონდა გამორთული, ზოგმა კი ჩვენტან საუბარი არ ისურვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გორში განვითარებულ მოვლენებს “მეტრონომთან” აფასებს და ამბობს, რომ დაძაბულობის მომენტმა თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა. მისი თქმით, ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილების ეპიცენტრი რეგიონები გახდა.

„ხელისფულება რომ ძალიან სუსტია რეგიონებში, ეს ჩანს. სახელისუფლებლო ვერტიკალი სერიოზულადაა შერყეული და ეს მოსახლეობის განწყობიდანაც შეიმჩნევა, იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა პერიოდებისგან, როდესაც ოპოზიცია თბილისში უფრო აქტიური იყო. ამ დაძაბულობის მომენტმა უფრო რეგიონებში გადაინაცვლა და ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილების ეპიცენტრი გახდა უფრო რეგიონები ვიდრე თბილისი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სიტუაცია, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი ეფექტური იყო რეგიონებში და თბილისში რთული იყო ამის გამოყენება, ახლა ვითარება შეტრიალდა, ჩვენ ასეთი მოვლენების განვითარებას სხვა რეგიონებშიც, ძალიან ბევრგან უნდა ველოდოთ“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ის ასევე იხსნებს აჭარაში მომხდარ ფაქტს, როდესაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაკარგა უმრავლესობა და ამბობს, რომ კრიზისის წინაპირობა შექმილია.

„უბრალოდ, სახელმწიფო მანქანა არ მუშაობს, საზოგადოებაში განცდაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება არ შეასრულა. ამის დაჭერა ადმინისტრაციული რესურსითაც კი ვეღარ ხერხდება. ჯინი არის ბოთლიდან გამოშვებული და მისი ბოთლში ჩაბრუნება ყველას გაუჭირდება“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სერგო რატიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ყველა ხედავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არაეფექტურია და ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის.

„მან არ შეასრულა დაპირებები კი არა და, ქვეყანა უკან წაიყვანა, შეიყვანა ეკონომიკურ კრიზისში. თუ პარლამენტში სხვა რესურსებია ამ ხალხის შესაკავებლად, მეორე მხრივ ხედავთ, რომ რეგიონებში ეს პროცესები არ კმარა და იწყება რღვევა. ეს ბუნებრივი პროცესია, ხელისუფლება, რომელიც თავის მისიასაც ვერ ასრულებს, ადამიანები უბრალოდ “ოცნებიდან” გარბიან და ასე რომ, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის“ – აღნიშნა რატიანმა.

ნინი ცხადაია

იტვირთბა....