ახალი ამბები საზოგადოება

კავკასიის უნივერსიტეტში 4 ოქტომბრიდან მხოლოდ კოვიდ პასპორტის ან PCR-ტესტების წარმდგენი სტუდენტები ისწავლიან

კავკასიის უნივერსიტეტში 4 ოქტომბრიდან მხოლოდ კოვიდ პასპორტის ან PCR-ტესტების (ყოველ 72 საათში) წარმდგენი სტუდენტები ისწავლიან.

გამონაკლის შემთხვევაში, სტუდენტებმა, რომლებიც ვერ იკეთებენ ვაქცინას, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამის შესახებ სტუდენტებს წერილობით აცნობა , რომელსაც „მეტრონომი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო სტუდენტებო!
ქვეყანაში შექმნილ მძიმე პანდემიურ ფონზე, სწავლების ხარისხთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება თითოეული სტუდენტისა და თანამშრომლის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენ აქტიურად ვემზადებით სწავლის პროცესის აუდიტორიებში აღსადგენად.

ამ სამზადისის ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი კომპონენტი კი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია. გვინდა შეგატყობინოთ, რომ 4 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც სწავლა CU კამპუსში აღდგება, სახელმწიფო რეგულაციების თანახმად, უნივერსიტეტში დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები, ან პირები უარყოფითი PCR ტესტით (განახლება ყოველ 72 საათში).

ამ ეტაპისთვის უკვე აცრილია კავკასიის უნივერსიტეტში დასაქმებული ადმინისტრაციული და აფილირებული პერსონალის 94%. თუმცა სრულად უსაფრთხო გარემოსთვის ეს საკმარისი არ არის, ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში და აიცრათ.
გამონაკლის შემთხვევაში, სტუდენტებმა, რომლებიც ვერ იკეთებენ ვაქცინას, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

4 ოქტომბრამდე, თქვენს სტუდენტურ გვერდზე (My CU) სპეციალურად შექმნილ ველში უნდა შეავსოთ ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია.

გაითვალისწინეთ, ინფორმაციის შევსება სავალდებულოა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
პატივისცემით,
კავკასიის უნივერსიტეტი“ , – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....