სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
როგორც ლომჯარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ ალტ ინფოს ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ.
“მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ მოქალაქეების ზურაბ მახარაძის და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასევე არის სასულიერო პირი, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე ალტ ინფოს ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა ჟურნალისტთა მისამართით. ამავე პირებმა სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლის პირდაპირი დანიშნულება იქნებოდა 5 ივლისს ძალადობა”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ მახარაძე აანონსებდა არამარტო ძალადობას, არამედ 5 ივლისს ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან დადგმული კარვების გატანას და სირცხვილიას და პრაიდის ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

