ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: მივმართავ ყველა კანდიდატს, კეთილი ვინებოთ და ჩავაბაროთ ნარკოტესტი

თბილისის მერი კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის წინა ცხოვრებიდან გამომდინარე. მაქსიმალურად კამპანიები უნდა ვაწარმოოთ – “არა ნარკოტიკს!” , “ნარკოტიკი კლავს!” და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში საზოგადოება ჩაერთვება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე არასდროს არანაირ ნარკოტიკთან არ მქონია შეხება.

სხვათაშორის უნდა ვთქვა, ჩვენ – მერობის კანდიდატებს არ მოგვეთხოვება როგორც ვთქვათ დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარება. ახლა მინდა მივმართო ყველა კანდიდატს, რომ კეთილი ვინებოთ ყველამ და ჩავაბაროთ ნარკოტესტი და წარვუდგინოთ შედეგები საზოგადოებას. ხვალ არ ვიცი მუშაობს თუ არა – შაბათია, მე მზად ვარ ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით და მედიის თვალწინ. ეჭვი არაფერზე მაქვს, უბრალოდ ზოგადად ეს კამპანია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს და შვილებს უნდა ვუთხრათ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....