შესაძლოა კორონავირუსის მართვის პროტოკოლი შეიცვალოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსალოდნელია, დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.
“მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში.
იყო საუბარი მონოკლინურ ანტისხეულებზე. სხვადასხვა მწარმოებელს ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არიან კლინიკები მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედისმომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს,” – განაცხადა გაბუნიამ.