ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: სააკაშვილისა და გვარამიას მიერ მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომ ხალხს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ

შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება პირდაპირ სააკაშვილის და გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული, დესტრუქციული ძალის მიერ და მათი ტელევიზიების მიერ, იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, მუდმივი სტრესი, მუდმივი პანიკა და ეს ისტერიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, ბევრი ადამიანი აანალიზებს სიტუაციას და ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია.

“ეს ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, ეს ალიაქოთები და ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ და განცდა იმისა, თითქოს სხვა არაფერი ხდება ქვეყანაში, გარდა ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიებისა და პოლიტიკური ურთიერთლანძღვის და ცილისწამებების. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომელიც ახლავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ზღვარს სცილდება მათი ეს ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანიები. ითქვას პირდაპირ, მართლაც აუტანელი კამპანიები, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება იმისა, რომ 7 არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა დაამარცხა, ხალხმა უთხრა მათ უარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ სისტემატური, განგრძობითი პროპაგანდის მეშვეობით ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად. ეს ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, როცა ასეთი პროპაგანდის საშუალებით ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია, უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....