შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ვლადიმერ ვახანიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს – 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

