ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში პარტია თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგეს.

“მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო  ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა.

იტვირთბა....