პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კორონავირუსის მოტივით ციხეებში დიდი ამნისტიის გამოცხადებას არ მიესალმება.
როგორც ხუხაშვილი მეტრონომთან საუბარში ამბობს, კორონავირუსის გამო ციხეების დაცლა არასწორი იქნება, რადგან აღნიშნულ დაწესებულებებში შესაძლებელია შესაბამისი კარანტინის პირობების შექმნა.
“საერთოდ, დიდი ამნისტია მსუბუქ მუხლებზე ისედაც კარგი იქნებოდა რომ ჩატარდეს ქვეყანაში. კორონავირუსის რისკიდან გამომდინარე შეიძლება ეს რაღაც დამატებითი ფაქტორი იყოს. საკუთრივ კორონას გამო რაღაც ამნისტიის გამოცხადება და ციხეების დაცლა არამგონია სწორი იყოს, იმიტომ, რომ ალბათ, ციხეებშიც შეიძლება შესაბამისი კარანტინის პირობების შექმნა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ციხეებში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ მაღალია. ასე რომ, კონკრეტულად კორონავირუსის მოტივით დიდ ამნისტიას არ მივესალმებოდი”, – ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა 66% ერთხელ ვაქცინირებული, 55% კი სრულად ვაქცინირებულია. ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში პატიმრების ახლობლები მედიასაშუალებების გამოყენებით აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოვიდვითარება საკმაოდ გართულებულია.

