ახალი ამბები მთავარი

ღარიბაშვილი: ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციაზე გადის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.

მისივე თქმით, ყველა პაციენტს, რომელიც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, მთავრობა პატრონობს.

„დაახლოებით 6 თვის წინ, დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად მოვაგვარეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და რომელიც იცავს ჩვენ მოქალაქეებს სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი. არავინ და ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს. ოჯახშიც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი, აიცრას თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქტიური კომუნიკაცია ფაქტებით და არგუმენტებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები აცრის აუცილებლობაში. დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები. რაც მთავარია, სწორედ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ტემპით აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას. ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის უპრეცედენტო. მთელს მსოფლიოში ახლა არსად არ ხდება ასეთი რაღაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს გააჩენს დამატებით დოვლათს”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, შესაძლებელი გახდა სულ რაღაც 5 თვეში ბიუჯეტის 1,2 მილიარდი ლარით გაზრდა, შესაბამისად, დაფინანსდა მეტი პროგრამა, მათ შორის გაიზარდა ბავშვების სოციალური დახმარებები, ჯანდაცვა დაფინანსდა 600 მილიონით და ა.შ.

იტვირთბა....