განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
“ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოქმედებდა მართლზომიერად. თავდამსხმელი კი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა. ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. ცდილობდა, თავისი ძმა გამოეყვანა ადგილიდან, შარს აერიდებინა, თუმცა ვერ მიუსწრო, იმიტომ რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა იარაღს”- აცხადებს ადვოკატი”, – განუცხადა tv პირველს ადვოკატმა.
სავარაუდოდ, ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ. ზვიადაური 17 აგვისტოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით ირკვევა, რომ ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმა მოკლა.