ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჯანდაცვის უწყება ყველანაირად ცდილობს პროცესს გაუმკლავდეს, თუმცა გარკვეული სირთულეების დაძლევა მათაც უჭირთ.
“გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო. არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ისევე, როგორც მისი ყველა უწყება და სიპი, ასევე ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24 საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესის მართვაში.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას. ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ჩვენ დამოკიდებულები ვართ ძალიან მნიშვნელოვნად ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული და მნიშვნელოვანია, აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი”, – ამბობს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 54 პაციენტი.