სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.
უწყების განმარტებით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად „Facebook“ გვერდზე ე.წ. „პირდაპირ ეთერში“ საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას.
“სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შემოწმების პროცესში პანსიონატმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან და სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

