ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

განგაშის ზარები ისმის, ხალხს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ – ნახეთ რა მდგომარეობაა საბერძნეთში

საბერძნეთში უკვე მეექვსე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან.

ხანძრის შედეგად დამწვარია ქალაქები, სოფლები, რაიონები, ცხოველები და ფრინველები. განადგურებულია ასობით ჰექტარი მიწის ფართობი, ათასობით ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლები დატოვა.

განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობაა ევიაში და ათენიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე აფიდნეს რაიონში.

„ახლა ქალაქ ათენში, ვიქტორიაზე ვიმყოფები. ძლიერი ხანძრის გამო ჩემი უფროსი შეშინებული იყო და 4 დღის წინ სამუშაოდან გამომიშვა. უმუშევარი დავრჩი და აქ, მეგობრებთან წამოვედი, ჩემი უფროსი კი ოჯახთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ძლიერი ხანძრის გამო სამსახურიდან ბევრი წამოვიდა. საცხოვრებელი სახლის თავზე თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ხანძრის ჩასაქრობად წყალს ასხამდნენ.

განგაშის ზარები ისმის, აფრთხილებენ გარეთ გამოდითო. ეკლესიის ზარები ირეკებოდა, რითიც ხალხს გარეთ გამოსვლისა და სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. მოსახლეობა ზარალშია, დამწვარია სახლები. ერთ-ერთს ცხვრების ფერმა ჰქონდა, ცხვრებს ყიდდა და თავს ამით ირჩენდა. ხანძრის გამო მთელი ფერმა დაიწვა“,ამბობს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეტრონომთან საუბრისას.

საბერძნეთში ზაფხულის ხანძრები საკმაოდ ხშირია, თუმცა წელს ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია, რაც ხანძრის ქრობის სამუშაოებს კიდევ უფრო აფერხებს. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საბერძნეთის სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია საფრანგეთი, ეგვიპტე, შვეიცარია და ესპანეთი.

იტვირთბა....