“ანა ამბობს: მამა ჩემი გმირია”, გიორგი ანწუხელიძეს მისი ცოლი მაკა ჩიკვილაძე მეტრონომთან იხსენებს.
დედამისს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.
ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს…
ის შვილს გარდაცვალებამდე ელოდა…
“ბავშვობიიდან გმირი იყო, სულ ამბობდა ომი მინდაო. ახმეტის რაიონში დაიბადა, როგორც გვიყვებიან ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მამიდამისი ამბობს, რომ სულ ცხენით მეპარებოდაო, ახლაც განიცდის ამ ფაქტს. ცხენები ძალიან უყვარდა, თუშური რაღაცეები იტაცებდა. თვითონაც წრთვნიდა ცხენებს, ერთხელ ვიღაცას ცხენი მოპარა და თვითონ გაწრთვნაო მიყვებიან ხოლმე”, – ამბობს მაკა ჩიკვილაძე.
6 აგვისტოს ღამე გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ და მე დამირეკეს, უკვე სროლის ხმა ისმოდა. მამიდამისს დავურეკე და ვუთხარი, რომ გიორგის ჯარში იძახებდნენ. მერე გიორგისაც შევეხმიანე და ვუთხარი, რომ მგონი ომი დაიწყო და ფრთხილად ყოფილიყო. მამიმის დაემშვიდობა, მე მითხრა ნუ გეშინია არაფერი მომივაო. მეუბნებოდა რომ ორმი არ დაწყებულა და მშვიდად ვყოფილიყავი. მაგრამ მე უკვე ვხვდებოდი რა სიტუაცია იყო.
ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც – ანა ჯერ 3 თვისაც არაა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა, ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული იაშვილის კლინიკაში.
“მე ანაზე ორსულად ვიყავი და ლევანი 10 თვის იყო. როდესაც სიტუაცია დაიძაბა ჩვენ სოფლიდან გამოგვიყვანეს. ჩვენი გამოსვლის შემდეგ სოფელიც ჩაიკეტა. ჯარისკაცები ცხინვალში მიჰყავდათ. აი მაშინ დავრწმუნდი რომ ომი დაიწყო.”,- გვიყვება გმირის ცოლი.
გიორგის რამდენჯერმე დავურეკე მაგრამ ტელეფონი მიუწვდომელი იყო. რამდენიმე დღეში კიდევ დავრეკე დამელაპარაკა ვიღაც გიორგი, მაგრამ ეს ჩემი გიორგი არ ყოფილა.
ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის, რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება.
“იქ ბიჭებმა უკვე იცოდნენ, რომ გიორგი ტყვედ იყო აყვანილი. ერთი წუთი არ დამიშვია რომ არ დაგვიბრუნდებოდა. დიდიხანი ველოდებოდი. ტყე-ტყე ვეძებდით, ზოგი რას გვეუბნებოდა ზოგი რას. ყოველი დღე ჩემი თვალები კარისკენ იყო მიპყრობილი და ველოდი, მაგრამ მალევე გავრცელდა ის საშინელი კადრები. მე არ მინახავს მალევე წაშალეს. მერე უკვე ამოცნობაზე დამიბარეს”,- ამბობს მაკა ჩიკვილაძე.
გმირის ცოლი გვიყვება, რომ გიორგი ყოველთვის ლაღი იყო, სულ იცინოდა, მისი მეგობრებისგან მასზე წყენა არ გაუგია.
ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა ის გაეკეთებინა რასაც ეუბნებოდნენ და სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ესეთი გიორგი სახლში ვერ დაბრუნდებოდა.
ანწუხელიძის ოჯახი ამბობს, რომ ტკივილი არ განელებულა, მაგრამ დიდი სიამაყით ისხენებენ გიორგის გმირობას.
“სიამაყესთან ერთად პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ რომ გიორგი ანწუხელიძის შვილი ვარ”, – ამბობს გმირი მამის შვილი ლევანი, ორმელიც 10 თვის იყო როდესაც გიორგი ომში წავიდა.
როგორც კი აგვისტო იწყება ის დღეები მიახლდება. ხშირად, რომ ახსენებნ კარგია მაგრამ ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი აწამეს, რის შემდეგაც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
არსებობს მტრის სატელეფონო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრი, რომელიც 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.
2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.




