ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავის ძალები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

საქართველოში ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის 13 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

“ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა.

რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ”, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.

იტვირთბა....