საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოდან ჯარები გაიყვანოს.
მისივე თქმით, დიალოგისთვის არსებობს მექანიზმი, ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვა იქნება პირველი ნაბიჯი ამ პრობლემების მოსაგავრებლად.
„ნებისმიერი ასეთი განცხადება საქართველომ რომ სერიოზულად აღიქვას, ამისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან , სხვა მხრივ ეს იქნება პროპაგანდის და დეზინფორმაციის ახალი მაგალითი. ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. დიალოგისთვის არსებობს მექანიზმი, ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვა იქნება პირველი ნაბიჯი ამ პრობლემების მოსაგავრებლად. ეს არის წინაპირობები რის გარეშეც თანამშრომლობაზე საუბარს აზრი არ აქვს, – ამბობს კელი დეგნანი.
რუსეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი მზად არის საქართველოსთან საზღვრების გახსნის პოლიტიკას გადახედოს. ამასთან, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა გამოსახული.

