ყველაზე დამღუპველი შეცდომა, რომელიც კი მსოფლიოში დაშვებულა, პოლიტიკური მეცნიერების ნეობრივისგან განცალკევება იყო. – მერი შელი
საქართველოს უახლეს ისტორიაში არაორდინალური პოლიტიკოსები მრავლად გვხვდებიან. თუმცა, ამავე ისტორიის გარკვეული თავისებურებებიდან გამომდინარე, ალბათ სრულიად ჩვეულებრივი და სავსებით ორდინალური. მრავლად გვხვდებიან პოლიტიკოსები, რომელთა ასეთი, თუ შეიძლება ითქვას – ორდინალური არაორდინალურობა სიძულვილის ენის ინსტრუმენტალიზაციაში გამოიხატა და ამდენად გამოდის, რომ მათი პოლიტიკური პლატფორმაც გარკვეულწილად სიძულვილზე დაშენდა. სიძულვილზე, რომელიც ოდიოზურობის პირველი და მთავარი (შეიძლება ერთადერთიც) მახასიათებელია და რომელსაც ჩვენი საზოგადოების, არც თუ ისე მცირე ნაწილი, რატომღაც, ქარიზმად მიიჩნევს.
რიტორიკა, ქართული პოლიტელიტის მთელი რიგი წარმომადგენლებისა, იმდენად მდაბიო, უხარისხო და ხშირად უბრალოდ ამაზრზენია, რომ მათი სმენისას საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეიძლება პროტესტისა და უხერხულობის შეგრძნება ერთდროულად არ უჩნდებოდეს. პროტესტის ის შეგრძნება არ უჩნდებოდეს, რომელსაც არ სურს მსგავსი ინდივიდი ქვეყნის წარმომადგენლობით სტატუსს ითავსებდეს და უხერხულობის ის შეგრძნება, რომელსაც რცხვენია რომ მსგავსი ინდივიდი ქვეყანას წარმოადგენს და “საგანში ჩაუხედავი” ადამიანისთვის მასთან ასოცირდება.
პოპულიზმი. ეს არის ერთადერთი “სამუშაო იარაღი”, რომლითაც ასეთი პოლიტიკოსები სარგებლობენ და სარგებლობენ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ უხეიროდ. მოკლედ განგიმარტავთ თუ რას ვგულისხმობ.
პოპულიზმიც არის და პოპულიზმიც!.. – ზოგადად პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა პოპულიზმი, რომელიც საზოგადოებას მართავს; რომელიც – “წინ, ნათელი მომავლისკენ!” ლოზუნგს ამოფარებული, კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ და მეტად პროზაიკულ მიზნებს ემსახურება და მისდევს, მაგრამ… პოლიტიკოსის პოლიტიკოსობაც ზუსტად მისი (პოლიტიკის) პოპულისტური თვისების არქონის ყოველდღიურ მტკიცებაში მდგომარეობს!.. ყოველდღიურ და უთქმელ მტკიცებაში იმისა, რომ პოლიტიკა საქმის სიტყვაზე უპირატესობაა და არა პირიქით.
ჩვენთან რა ხდება? – ჩვენთან პოლიტიკოსობა ნიშნავს შიშველ პოპულიზმს. კი, პოლიტიკა პოპულიზმია, რომელიც მიმართულია მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებისკენ, მხოლოდ მისი შენარჩუნებისკენ და შეძლებისდაგვარად განვრცობისკენაც, ოღონდ, როგორც ზემოთ ვთქვი, ამას ხმამაღლა არცერთი პოლიტიკოსი არ აღიარებს… პირიქით – პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ინდივიდი მისი მისამართით მსგავსი ბრალდების გაჟღერების შემთხვევაში თავს შეურაცხყოფილადაც იგრძნობს. თუმცა შეურაცხყოფილად მხოლოდ იმიტომ იგრძნობს თავს, რომ ასეთი ბრალდების შემთხვევაში თქვენ მას ფაქტობრივად, არშემდგარ პოლიტიკოსობაში დებთ ბრალს და არა პოპულისტობაში. მას მის და უნებურად უჩნდება განცდა, რომ თქვენ მასში დაინახეთ ის, რაც ყველა პოლიტიკოსის თვისებაა და რასაც მართლა პოლიტიკოსი სამსახიობო ოსტატობით ნიღბავს. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილის პოპულიზმი კი იმდენად გულახდილი და შეუნიღბავია, რომ მათში უმალ უნიჭო მსახიობს უფრო ამოიცნობ, ვიდრე პოლიტიკოსს. ისინი საზოგადოების დიდ ნაწილში შესაშური გულმოდგინებით და, რაც ყველაზე სავალალო და შემაშფოთებელია, წარმატებითაც ნერგავენ სიძულვილის იმ ნოტებს, რომლითაც თავიანთი პოპულისტური ლექსიკა და ზოგადად საგნებისადმი მათი გარეგნული მიდგომა გამოირჩევა.
მავან აჯღაბუჯღაშვილს, რომლისთვისაც ელექტორატსა და ელექტრობას შორის სხვაობას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მავანი სააკაშვილის, მავანი ღარიბაშვილის, ნათელაშვილის, ინაშვილისა, თუ მეჭიაურ-ჯაჭვლიანის პოლიტიკური ხედვა მხოლოდ იმიტომ მოსწონს, რომ მათი სიტყვა ომახიანად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვასთან მათი მოპყრობის სტილი და ტექნიკა ხარისხით შეიძლება მეშვიდე კლასელისას არ აღემატებოდეს, მათი სიტყვა ომახიანად ჟღერს და რაც მთავარია ის სიძულვილით არის სავსე!.. რაც მოქალაქე აჯღაბუჯღაშვილისთვის ფაქტობრივად, არგუმენტის ტოლფასია და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მისი სიძულვილი რეზონანსში შევიდეს პოლიტიკოსის სიძულვილთან და შესაბამისად მისი მოწონებაც და მხარდაჭერაც დაიმსახუროს. ყველაზე დამთრგუნველი კი ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების კატეგორია, ხედავს რა ქვეყანაში აჯღაბუჯღაშვილების სიმრავლეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლის მეთოდებსაც მხოლოდ იმ მიმართულებით ხვეწს, რომელი მიმართულებითაც მათი ამომრჩეველი მათში კიდევ უფრო მეტ მაგნეტიზმს, კიდევ უფრო მეტ ქარიზმას ამოიცნობს… ქარიზმას, რომელიც სინამდვილეში ქარიზმა კი არა ოდიოზურობაა და საზოგადოების მიერ მისი ამ უარყოფითი შტრიხის დადებითად აღქმა თვითონ საზოგადოებასაც ოდიოზურობისკენ უბიძგებს. ოდიოზური საზოგადოება კი, მიუხედავად იმისა რომ სიტყვათა ასეთი კომბინაცია ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს, მთლად საზოგადოებაც არ არის – ორკების სამეფო უფროა, ცნობილი ზღაპრიდან, სადაც ცუდი კარგის რანგშია აყვანილი, ბოროტება კი ნორმაა… სადაც ცნებები სტატუსს იცვლიან.
საინტერესოა ისიც, რომ თავად ეს პოლიტიკოსები სულაც არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ავი ადამიანები იყვნენ… მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა ადამიანის ზნეობრივ შეუმდგარობაზე (ჩვენნაირ ქვეყნებში კი სიხარბეზეც) და შესაბამისად, მის არც თუ ისე დადებით პიროვნებაზე მიანიშნებს, არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი, მაინც და მაინც მისი რიტორიკის ხორციელი განსახიერება იყოს. სიძულვილის ენა მათთვის ხშირად ინსტრუმენტია მხოლოდ. ინსტრუმენტი, რომლის “სასარგებლო” ეფექტსაც თვალნათლივ ხედავენ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე უარს მასზე არ ამბობენ.
სახიფათო აქ სხვა რამეა, კერძოდ: რიგითი მოქალაქე სწორებას ასეთი პოლიტიკოსების შეხედულებებზე, მათ გარეგნულ და ხშირ შემთხვევაში ზედაპირულ გამოხატულებებზე აკეთებს და საგნებისადმი მათი მიდგომაც ავტომატურად მისი მიდგომა, მისი შეხედულება ხდება, ოღონდ… საგნებისადმი რიგითი ამომრჩევლის მიდგომაც და მოვლენების მისეული აღქმაც, განსხვავებით პოლიტიკოსების გარეგნული ფორმა-გამოხატულებისგან, უკვე მისი შინაგანი განწყობის, მისი შინაგანი მდგომარეობის განმსაზღვრელი ხდება.
პოლიტიკოსი ფაქტობრივად და ხშირად გაუთვითცნობიერებლადაც დანაშაულს სჩადის როცა ის თავის ზემოთნახსენებ “ინსტრუმენტს” მოქალაქეს “ჭეშმარიტებაში” შეფუთულს აწვდის, მასში გარკვეულ შეხედულებებს ნერგავს და აზროვნებისა და მოქმედების იმ გეგმას კარნახობს, რომელიც მან თავის ლექსიკაში აღწერა და მსმენელს მიაწოდა. ერთგვარ აგრესიულ სულისკვეთებას აღვიძებს მასში, ვინც ბოლომდე არც იმაშია გათვითცნობიერებული, თუ ვის წინააღმდეგ და რატომ გამოხატავს აგრესიას, ანუ… ასეთი პოლიტიკოსისთვის თუ სიძულვილი მხოლოდ ხერხია, მავანი აჯღაბუჯღაშვილისთვის დიდი შანსია, რომ ის ცხოვრების წესი გახდეს.
დეგრადირების გზას ადგას იმ საზოგადოების ისედაც ნაკლებად პროგრესული პოლიტიკური კულტურა, რომელშიც ოდიოზურობასა და მიმზიდველობას შორის ზღვარი წაშლილია; რომელშიც ადამიანთა ძალიან დიდი რიცხვისთვის ოდიოზურობა მთლად ოდიოზურობადაც არ აღიქმება, მიმზიდველია და ქარიზმატულობასთან იგივდება. ოდიოზური ხდება თავად საზოგადოებაც, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანს, სიმპათიას გამოხატავს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყველაზე ნეიტრალური და შესაბამისად მეტ-ნაკლებად ობიექტური დამკვირვებელისთვის ოდიოზურია.
და ბოლოს… მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღეს მიღებული და დამკვიდრებული მართვის სისტემა მორალურად აბსოლუტურად(!) კორუმპირებულია და ხილულ მომავალშიც ასე დარჩება, მის მოწინავე ქვეყნებს მაინც პოლიტიკოსთა ის კატეგორია მართავს, რომელსაც პოპულიზმი სახელმწიფოებრივ აზროვნებად აქვს დუბლირებული, მას ასეთად და სავსებით წარმატებულად აწვდის ადგილობრივ (და არამარტო ადგილობრივ) საზოგადოებებს და თუ გვინდა, რომ მათ ამაში მაინც დავემსგავსოთ და თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა აჯღაბუჯღაშვილების და მათი კორიფეების საჯილდაო ქვად არ გადაიქცეს, მაშინ ქართული პოლიტიკის ოდიოზური წარმომადგენლების პოლიტიკურ სარბიელზე გადაადგილება უნდა შევზღუდოთ.