საზოგადოებრივი მოძრაობა ერის ლიდერის ლევან ვასაძის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის პრაიდის კვირეულის განმავლობაში საქართველოში ყოფნას ვერ შეძლებს. მან მხარდამჭერებსა და LGBTQ თემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი მსვლელობა. მისი შეფასებით ის, რაც პრაიდის სახით საქართველოში ხდება, არის დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის მცდელობა.
ვასაძემ სამართალდამცველებს მოუწოდა, არ დაიცვან LGBTQ თემის წარმომადგენლები, რა ბრძანებაც არ უნდა მიიღონ. ამასთანავე, ვასაძემ საქართველოში უცხო ქვეყნის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, ელჩებსაც, მიმართა და მოუწოდა არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საკითხებში და „თავისი ადგილი იცოდნენ“. მის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც, ამიტომ იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში, სამწუხაროდ, ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უფლის შეწევნით, ლოცვითა და ამდენი კეთილი ადამიანის თანადგომით ჩვენ ამას აუცილებლად მოვერევით
ჩვენ ვხედავთ გავეშებულ მცდელობას ქვეყნის აფეთქებისა ე.წ პრაიდის მეშვეობით. ეს არის დესტაბილიზაციისა და არევის მცდელობა რადიკალური სექსუალური ჯგუფებისა და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და საჩქაროდ გააუქმოს ე.წ. პრაიდის კვირეული და ყველა მასთან დაკავშირებული ღონისძიება. ჩემს ძმებსა და დებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ერთად ვიდექით ამ ბრძოლაში, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მდგარა და ჯერ ვინც არ დამდგარა ჩვენთან, მადლობას ვუხდი ამ საოცარი გამოხმაურებისა და მზადყოფნისთვის და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოს შემარცხვენელი და დამანგრეველი ღონისძიების ჩატარება, რომელიც შეარცხვენს ქვეყანას მთელს კავკასიაში, სრულიად დაახშობს რაიმე რეინტეგრაციის პერსპექტივებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დაასუსტებს ქვეყანას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ყველანაირად ერთი მუჭა ჭინკებისა და მათი დამფინანსებლების გლობალისტური გეგმების შესაბამისად.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავითარი მსგავსი ღონისძიებები არ ჩატარდეს, მოვკიდოთ ამ ხალხს ხელი და გავიყვანოთ იქიდან. რაც შეეხება პოლიციელებს, მოვუწოდებ მათ ასეთი ბრძანების შემთხვევაში, ნუ იძალადებენ თავიანთ ხალხზე, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს, კარგად დაფიქრდნენ, რა ხელფასი, რა სამსახური უღირთ მამათმავლობის, გარყვნილებისა და უკიდურესი უზნეობის დასაცავად, რომელიც თუ ნორმა გახდა ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი თქვენგანის ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ თქვენ მას იცავთ. მოვუწოდებ ძალოვანებს, გაიწიონ და არ გადაეფარონ, რა ბრძანებაც არ უნდა მიიღონ, იმიტომ, რომ ეს არ არის ტრადიციული საქციელი. ელჩებს მოვუწოდებ, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და იცოდნენ თავიანთი ადგილი და სცენ პატივი ჩვენს ტრადიციებს!“, – განაცხადა ვასაძემ.
პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ხელისუფლებას კონკრეტული ვადა მისცა, რათა არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე”.
ამავდროულად, საპატრიარქომ 16 ივლისს ლევან ვასაძის კონგრესიდან ჰომოფობიური ქადაგება გაავრცელა.
ამასთან, რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.