თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრას სთხოვს. როგორც მან TV პირველის ეთერში თქვა, მნიშვნელოვანია 5 ივლისს, ღირსების მარშის ღონისძიებაზე, მათი უსაფრთხოება დაცული იყოს.
“უკვე შევხვდით, როგორც მთავრობის ამინისტრაციას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა, ამის შემდეგ ვცდილობთ, რომ შემდეგი შეხვედრა დავაორგანიზოთ, რომელიც უფრო დეტალებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პროცესი წარმატებით არ მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ყველაზე გვიან, ხვალ ან ზეგ გამოვლენ კონტაქტზე, რადგან მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნას. ჩვენი ხელებით ვერ დავიცავთ თავს, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამიტომ, ველოდებით, რომ შსს-სგან შემხვედრი ნაბიჯები იქნება. დამალვის, თავიდან არიდების მცდელობა ამ შემთხვევაში არ წაადგება საქმეს, რადგან გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო”, – თქვა თაბაგარმა.
პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ხელისუფლებას კონკრეტული ვადა მისცა, რათა არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე”.
ამავდროულად, საპატრიარქომ 16 ივლისს ლევან ვასაძის კონგრესიდან ჰომოფობიური ქადაგება გაავრცელა.
ამასთან, რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.