მოძრაობა სირცხვილია 17 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს. განცხადების თანახმად, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი და გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უპირველეს ყოვლისა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით.
გარდა ამისა, დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და მყისიერი ინფორმირება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ. საბჭო 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია.