პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივნის, ბეჟან გუნავას თქმით, ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.
როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას გუნავა აღნიშნავს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. თუმცა ამბობს, რომ ეს დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მოხდა.
„ეს არის შეკვეთით გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ“- განაცხადა გუნავამ.
გუნავას თქმით, მასთან ერთად დაკავებული ირაკლი კაკაბაძე დაკითხვიდან სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან მან სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს ხელი იღრძო.
გუნავას თქმით, მტკიცებულებების არქონის გამო, სასამართლო პროცესი 2016 წლის 14 იანვრამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ არჩევას აპროტესტებდნენ, ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.