სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, რომლებიც საკუთარი სურვილით გადავიდნენ ალტერნატიულ ზრუნვაში.
“დღეს შევხვდი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც საკუთარი სურვილით გადავიდნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. ყველა მათგანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იმყოფება, შეუფერხებლად მიეწოდებათ მხარდამჭერი სერვისები. ბავშვების ინფორმაციით, ისინი თავს გრძნობენ კარგად და ახალ გარემოსთან და სხვა ბავშვებთან შეგუება არ გაჭირვებიათ. არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.
ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით”, – წერს ლომჯარია.
მისი თქმით, ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.