საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ ბოკოლიშვილმა განაცხადა.
“რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია. ეს არის 2011 წელს ინგლისში შექმნილი ფეხბურთის ვერსია, რომლის უპირველესი მიზანია ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღის გაუმჯობესება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. თითქმის, არ არსებობს პროგრამა ან რაიმე ზოგადი კონცეფციაც კი, რომელიც იზრუნებდა ასაკოვანი მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაზე. არადა პრობლემა უმწვავესია, კოლოსალურად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე, რომლის შემცირებაც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გზითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ასევე სოციალიზაციის ფაქტორი, ემოციური, როდესაც ისევ იმ აზარტს განიცდი რაც ახალგაზრდობაში გქონდა!” – განაცხადა ბოკოლიშვილმა.
ბოკოლიშვილის განცხადებით, მათ ექნებათ მჭიდრო კოოპერაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ბევრ საინეტრესო პროექტს გააკეთებენ.