ღია კაფეები მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“გადავწყვიტეთ, შეღავათი გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები და რომელთაც მუნიციპალური სერვისები ჰქონდათ იჯარით აღებული. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება, ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, კალაძემ აღნიშნა, რომ მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადასახადი და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ გადასახადი.