ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიტა მუსელიანი ვიდეომიმართვაში საუბრობს ემიგრანტებისა და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან როგორც ფინანსურ, ისე – მორალურ მხარდაჭერაზე.
“პირველი მხარდაჭერა ემიგრანტების იყო. ჯერ გულითადობა, შემდეგ მობილიზაცია თავისი ნათესავების და ახლობლების, ვინც აქ ვერ კონცენტრირდებოდნენ ამ პრობლემაზე, ან სხვანაირად იყვნენ განწყობილი. ამასთან, ის ფინანსური დახმარება, რაც მათგან მოდის. ამათი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რას შევძლებდით. ორი-სამი კაცი პროტესტი ყოველთვის არსებობს, მაგრამ რასაკვირველია, ასეთი შედეგი ამას არ ექნებოდა. ამ გადარიცხვებში არის ერთი და ორი ლარი მათ შორის. გულისამაჩუყებელი მომენტია, რომ ასე ლარ-ლარობით მოგროვდა.
ახლა ჩვენ ვუკავშირდებით განსაკუთრებით ემიგრანტებს. 5-10$-ს რომ აკრეფენ და შემდეგ გზავნიან. ეს ხალხი უკანასკნელ ლუკმას იღებს პირიდან. ჩვენ ხომ ვხედავთ ამას და ვცდილობთ ზედმეტ რაღაცებში არ დაიხარჯონ. ძირითადად არის ფიზიკურ შრომაში, მუდმივად პრობლემებში ჩართული ადამიანები, თავისი ოჯახები აწევთ ზურგზე. რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ ეს თანადგომის მომენტი გავიზიაროთ. ყველა იმ ჯვრის დადგმაში და ხატის დაწერაში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ყველაფერში აქვთ მონაწილეობა მიღებული”, – თქვა მარიტა მუსელიანმა.
ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.