ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებას ახალი სკანდალების აგორება მოუწევს

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური გუნდი ცალსახად უნდა შეიცვალოს.

როგორც გეგელიამ სააგენტო „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერ სახელმწიფოში, ე.წ. ლარის კრიზისში ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკური გუნდიც რომ არ ყოფილიყო დამნაშავე, პოლიტიკური ანგარიშვალდებულების საფუძველზე ისინი თავის დროზე უნდა შეცვლილიყვნენ.

„ეკონომიკური გუნდი ცალსახად უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისიდან გამომდინარე თუ ვიტყვით,  ნებისმიერ სახლემწიფოში ეს უკვე მომხდარი იქნებოდა ე.წ. ლარის კრიზისის შემდეგ. აქ საუბარია ანგარიშვალდებულების პრინციპზე, ნებისმიერ სახელმწიფოში, ვთქვათ, ხადური და ეკონომიკური გუნდიც რომ არ ყოფილიყო ყველაზე დამნაშავე იმაში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულების საფუძველზე ისინი უნდა შეცვლილიყვნენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვიღაცას გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ვალდებულება აეღო. ის, რომ ამ ხელისუფლებამ ამის გაკეთება დააგვიანა თავისთავად პრობლემაა“- აღნიშნა გეგელიამ.

მისი განმარტებით ეს ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას ახალი დროის განცდის შექმნა უნდა. ის ცდილობს, ხალხს წინასაარჩევნოდ უთხრას, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი შეუძლია ვიდრე გააკეთა.

„ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ამ თანამდებობაზე მაინც  ბიძინა ივანიშვილს აღიქვამს. რეალურად, ხალხს ეკონომიკური და საგარეო მდგომარეობა აინტერესებს, შესაბამისად საზოგადოება ხელისუფლების საქმიანობას ამ პრინციპით შეაფასებს“- აღნიშნა გეგელიამ.

მისი თქმით, ზოგადად პოლიტიკაში 5 წლიდან 3 წელს უნდა იყენებდე აქტიური რეფორმისთვის, მეოთხეს – რეფორმების კონსოლიდაციისთვის და მეხუთეს – მათ წარსადგენად.

„ამ ხელისუფლებას დრო ისე გაუვიდა, რომ მწვავე მიზნობრივი რეფორმები არ გაუტარებიათ, ახლა კი რაღაცის დაწყება კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნება მათი მხრიდან, რადგან ფიზიკურად ვერ მოასწრებენ, მხოლოდ იმის თქმას შეძლებენ, რომ დაიწყეს და მოითხოვენ შემდგომ მანდატს, რომ ეს გააგრძელონ“- აღნიშნა გეგელიამ.

მისი თქმით, რამდენიმე თვე რაც მათ დარჩათ, უკვე არსებულის შეფუთვაზე უნდა იმუშაონ.

„რეალურად, მათ ახალი დაპირებების გაცემა  ან ახალი სკანდალების აგორება მოუწევთ. რაც შეეხება პრემიერის და ეკონომიკური გუნდის ცვლილებას, ეს რაღაც მხრივ მხარს დაუჭერს მათ, ყოველ შემთხვევაში ხალხს ეტყვის, რომ რაღაც ახალი დაიწყო. შეიძლება ამომრჩევლის რაღაც მთავარი ბაზა მაინც შეინარჩუნოს, მაგრამ არსებით ცვლილებას ეს არ გამოიწვევს“- განმარტა გეგელიამ.

იტვირთბა....