ახალი ამბები მთავარი ციტატა

წილოსანი ხვიჩიას: ყველაზე მეტად, თქვენი ქალების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა სავალალო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პარტია გირჩის ლიდერს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას პარტიული სიით გასული ქალი დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნის გამო აკრიტიკებს.

როგორც პლენარულ სხდომაზე წილოსნმა განაცხადა, გირჩის ქმედებამ გენდერული კვოტირების საჭიროება ნათელი გახადა.

“დღეს ვიხილავთ ქალბატონი სალომეს მანდატის გაუქმებას – ის წარმოადგენს გირჩის წევრს. ამიტომ, მე ბატონ იაგოს მინდა მივმართო. ბ-ნო იაგო, მე თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია არ მომწონს, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია. თქვენს იდეებს შორის, რაც უმრავლესობას არ მოგვწონს, ყველაზე მეტად, თქვენი ქალების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა სავალალო. თქვენ ჩახსენით ყველა ქალი კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ თქვენს ერთადერთ დეპუტატ ქალს და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო შეთანხმდა, რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ ხარისხზე მიანიშნებს; რომ კვოტირების მექანიზმი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, იყო ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა… თქვენ კანონში არსებული ხვრელებით, მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ. გირჩი ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს გენდერული კვოტირების საჭიროებას ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით. ამ თქვენმა მოქმედებამ დაგვანახა, რომ კაცები წყვეტენ, ქალი კანდიდატები როდის შეიყვანონ სიაში იმიტომ, რომ ვერ წარადგენდით ცესკო-ში სიას, რომ არ გყოლოდათ ქალი კანდიდატები. ახლა კი, წყვეტთ, როდის ჩახსნათ ეს სიები”, – მიმართა ნინო წილოსანმა იაგო ხვიჩიას.

პარლამენტმა სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი იქნება.

იტვირთბა....