ბათუმის ცენტრალური ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქე ჯელალ ქიქავამ ბულვარში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა.
“აშტერებენ ბათუმელებს, ბენდუქიძემ გაყიდა საქართველოს ქონება, მაგრამ ბულვარს არ შეეხო. ასლან აბაშიძე არ ეხებოდა ბულვარს, სააკაშვილმა გაზარდა ბულვარი. ესენი კი ბომჟები მოვიდნენ უფულოდ, ხაბაძეს მიყიდეს ქონება ერთ ლარად, დღეს ორ მილიონად იყიდება”, – განაცხადა ქიქავამ
ქიქავას ამ განცხადებს უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით ბაციკაძე გამოეხმაურა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა, რაც შემდგომ დარბაზს მიღმა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად იმის გამო დატოვა, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ბულვარის ახალი კონცეფციის საჯარო განხილვა მეორედ გაიმართა. პირველი შეხვედრა, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შედგა, ასევე პროტესტის ფონზე ჩატარდა.