აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ. დიპლომატები მიუთითებენ, რომ აუცილებელია 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება.
მეტრონომი ელჩების წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მადლობას გიხდით წერილისთვის, რომელიც 14 მაისს გამოგვიგზავნეთ. როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ჩვენ ვიმუშავეთ გახანგრძლივებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. 19 აპრილის შეთანხმება მიჩნეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს რთული ბრძოლის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია გადადგას ნაბიჯი პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენისკენ რეფორმების შემდგომი გატარებით, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.
19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომელიც შედგა რთული მედიაციის პროცესით და მის შინაარსს სრულად ფლობენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. შეთანხმების პირველი მუხლის მიხედვით, შეთანხმება ასახავს ვალდებულებას, განხილულ იქნას პოლიტიზებული სამართლის შემთხვევები. შეთანხმების მიხედვით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ვალდებულებების. მათ შორის, ამნისტიის კანონის ზუსტი შესრულება, რომელიც შეესატყვისება შეთანხმების წინასწარ განზრახულ მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისევე როგორც სხვა კონვენციებს, რომელთა წევრიც არის საქართველო.
ამნისტიის კანონი ეხება მტკივნეულ მომენტს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლებს, არამედ გამოწვევებსაც, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ. ასეთ პოლარიზებულ გარემოში, საჭიროა პარლამენტში ინკლუზიური პროცესი იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რაც ხელს შეუშლის ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოუტანს. შეთანხმების დასკვნის მიხედვით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უზრუნველყოს მისი წარმატებული იმპლემენტაცია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და იმოქმედოს სამართლიანად და პასუხისმგებლიანად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით”. – ნათქვამია ჰარცელის და დეგნანის წერილში.
წერილის ადრესატები არიან: მაკო გომური; ირაკლი ფავლენიშვილი; კობა ლეთოდიანი; გიორგი სულაშვილი; ირაკლი ხვადაგიანი; ვახტანგ ბერიკაშვილი; გელა ჭიღლაძე; ზაზა მღებრიშვილი; გიორგი ბულისკერია; ლუკა პეტრიაშვილი; თამარ ბაღაშვილი; დავით შეყილაძე; ბესიკ თამლიანი; ვატო გელაშვილი; დავით ხვადაგიანი; დემეტრე ნაყოფია; დავით ქურდოვანიძე.
ცნობისათვის, პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.
ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.