არასრულწლოვანის ოჯახს, რომელმაც ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს ინსტაგრამის პირდაპირი ეთერისას კომენტარებში “შაითანი” უწოდა, ბოდიში მოახდევინეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BBC-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ბოდიშის ამსახველი ვიდეო სახელმწიფო ტელეკომპანია გროზნომ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ინსტაგრამზე კომენტარი 15 წლის დაღესტნელმა ბიჭმა დაწერა. ტელეარხმა აჩვენა ბიჭისა და მისი მამის ვიდეო, რომელიც ბოდიშს იხდიდა “შვილის არასწორი აღზრდისთვის” და პირობას იძლეოდა, რომ “მომავალში შვილის აღზრდით უფრო სერიოზულად დაკავდებოდა“.
“სანამ მამა ოჯახისთვის ფულის შოვნას ცდილობს, მიუხედავად ამისა, მისი უბედურება შვილი, როგორც ჩანს, დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში და სულელური კომენტარებით ცდილობს თვითდამკვიდრებას” – ნათქვამი იყო დაკავშირებით ტელეკომპანია გროზნოს სიუჟეტში.
აგრეთვე, გავრცელდა მეორევიდეოც, სადაც მოზარდის 5 ნათესავმა მოიხადა ბოდიში:
“პატივცემულო რამზან ახმატის ძევ, ჩვენ ამ მოზარდის ნათესავები სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ბიჭის ქმედებას და თქვენ და თქვენს გარემოცვას ბოდიშს გიხდით,”- ამბობს ერთ-ერთი კაცი.
ორშაბათს, 17 მაისს ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერის დროს ჩეჩნეთის მეთაურს კომენტარებში “შაითანი“(ეშმაკი) უწოდეს, რის გამოც რამზან კადიროვი კომენტარის ავტორს ანგარიშსწორებით დაემუქრა.
“თუ ეს მე დამიწერე გიპოვი და გაჩვენებ ვინაა ჩვენ შორის შაითანი. როგორ არ გრცხვენია, სარკეში როგორ ჩაიხედები. ღამით ვეღარ დაიძინებ და ანდერძის წერას დაიწყებ — თუ მოვკვდები დაეხმარეთ ჩემს ოჯახს… გამომიგზავნე შენი მონაცემები, მე ბევრი შაითანი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ”, – ასე მიმართა რამზან კადიროვმა კომენტარის ავტორ ბიჭს.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთში ეს არ არის კამერის წინაშე ბოდიშის მოხდის პირველი შემთხვევა. ამ ფორმას რამზან კადირობის წინაშე ბოდიშის მოსახდელად ხშირად იყენებენ.