კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 2008 წლიდან 2020 წლამდე, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი. მანვე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველას, “ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”, რადგან ეს უფრო აზიანებს ფრესკებს.
“ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”, – თქვა წულუკიანმა.
რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა, თუმცა, ზამთარში სახურავი ისევ დაზიანდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.